სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საქმეზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოქალაქო სააპელაციო საჩივრის ფორმის ციფრული ვერსია. ფორმასთან დაკავშირებით კითხვის, შენიშვნის ან რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე (995 32) 227-31-00 ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: forms@hcoj.gov.ge სანიმუშო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.hcoj.gov.ge

თუ გსურთ, რომ შევსებული ფორმა თქვენს პროფილზე იქნეს შენახული, აუცილებელია ანგარიშის შექმნა. ანგარიშის შექმნის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გარეშე შევსებული ფორმა არ შეინახება. რეგისტრაციის გარეშე ფორმის შევსების შემთხვევაში მოახდინეთ შევსებული ფორმის ჩამოტვირთვა.

აპელანტი:

აპელანტი ხართ თქვენ (ყოფილი მოსარჩელე, მოპასუხე ან მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით), ვინც ასაჩივრებთ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თბილისის ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ორი ან მეტი აპელანტის არსებობისას, თითოეული მათგანის პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს ცალკე გრაფაში. აპელანტის დამატებით მიზნით გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება.

  • სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვოს, თუ თქვენ არ მიუთითებთ ან არასწორად მიუთითებთ თქვენს ძირითად მისამართზე (ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე). მისამართის შეცვლის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ სასამართლოს.

    ,,ალტერნატიული მისამართის” ველში მიეთითება ის ადგილი, რომელსაც ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) თანადროულად იყენებთ ჩვეულებრივ საცხოვრებლად (საქმიანობის ადგილად) და რომელზეც პერმანენტულად იქნება შესაძლებელი თქვენთან დაკავშირება. ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის და სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის, ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მითითება არაა სავალდებულო, თუმცა ხელს უწყობს თქვენს დავაზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

აპელანტის წარმომადგენელი:

შესაძლებელია გყავდეთ კანონისმიერი (მაგ. მშობლები) ან გარიგებისმიერი წარმომადგენელი (მხოლოდ ადვოკატი). თუ სააპელაციო საჩივრის აღძვრის მომენტისათვის აყვანილი გყავთ წარმომადგენელი, სააპელაციო საჩივარში უნდა მიუთითოთ როგორც თქვენი და მოწინააღმდეგე მხარის, ასევე, წარმომადგენლის მონაცემები. თუ სააპელაციო საჩივარი შეაქვს თქვენს წარმომადგენელს, მაშინ მან უნდა მიუთითოს როგორც საკუთარი და მოწინააღმდეგე მხარის, ასევე, თქვენი (მარწმუნებლის) მონაცემები. ამავე დროს, წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარს უნდა დაურთოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. დაბადების მოწმობა, მინდობილობა (ორდერი), ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან). ადვოკატი ვალდებულია, წარმოადგინოს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობაც. ორი ან მეტი აპელანტის წარმომადგენლის არსებობისას, თითოეული მათგანის პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს ცალკე გრაფაში. აპელანტის წარმომადგენლის დამატებით მიზნით გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება. აპელანტის წარმომადგენლის ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის და სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის, ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მითითება არაა სავალდებულო, თუმცა ხელს უწყობს თქვენს დავაზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

მოწინააღმდეგე მხარე:

მოწინააღმდეგე მხარე არის ყოფილი მოსარჩელე, მოპასუხე ან/და მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ვის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებასაც ასაჩივრებთ სააპელაციო წესით. ორი ან მეტი მოწინააღმდეგე მხარის არსებობისას, თითოეული მათგანის პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს ცალკე გრაფაში. მოწინააღმდეგე მხარის დამატებით მიზნით გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება. მოწინააღმდეგე მხარის ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის და სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის, ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მითითება არაა სავალდებულო, თუმცა ხელს უწყობს თქვენს დავაზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

  • სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვოს, თუ თქვენ არ მიუთითებთ ან არასწორად მიუთითებთ მოწინააღმდეგე მხარის ძირითად მისამართზე (ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე).

საკონტაქტო პირი:

საკონტაქტო პირად შეგიძლიათ მიუთითოთ ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, რომელიც არ მონაწილეობს დავაში, მაგრამ, ნათესაური, მეგობრული თუ სხვა სახის ურთიერთობიდან გამომდინარე, შეძლებს დაეხმაროს სასამართლოს თქვენთან დაკავშირებაში. საკონტაქტო პირის მითითება არ არის სავალდებულო, თუმცა შედის თქვენსავე ინტერესში, რადგან ხელს უწყობს დავის დროულ განხილვას.

სასამართლოში დასაბარებელ პირთა სია

შეგიძლიათ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლოთ თქვენი საქმის ზეპირი მოსმენისას მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტების ან/და თარჯიმნების მოწვევის თაობაზე. შუამდგომლობებს ეთმობა ცალკე გრაფა. ქვემოთ მოცემულ გრაფებში უნდა მიუთითოთ მხოლოდ დასაბარებელ პირთა სტატუსი, მათი პირადი და საკონტაქტო მონაცემები. ორი ან მეტი დასაბარებელი პირის მითითებისას, თითოეული მათგანის სტატუსი, პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს ქვედა გრაფაში. ორი ან მეტი დასაბარებელი პირის დამატებით მიზნით გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება

ამ გრაფაში ვალდებული ხართ, მიუთითოთ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება, კერძოდ, მიმღები სასამართლო, საქმის განმხილველი (მომხსენებელი) მოსამართლე, საქმის ნომერი და გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება გახდეს სასამართლოს ის განჩინებებიც, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

ვალდებული ხართ, მიუთითოთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სრულად ასაჩივრებთ თუ ნაწილობრივ. ნაწილობრივი გასაჩივრებისას მიუთითეთ სარეზოლუციო ნაწილის იმ პუნქტებზე, რომელთაც სადავოდ ხდით და დეტალურად დააზუსტეთ საჩივრის მოცულობა თითოეულ ამ პუნქტთან მიმართებით, რადგან სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეცვალოს (გააუქმოს) პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც თქვენ მოითხოვთ.

ამ გრაფაში უნდა მიეთითოს, თუ კონკრეტულად რას ითხოვთ. სააპელაციო მოთხოვნა შეიძლება იყოს: (1)გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება; (2)გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება; (3)გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებული გადაწყვეტილების ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება; (4)გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებული გადაწყვეტილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება. გაითვალისწინეთ, რომ დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი უსწორებები

სააპელაციო საჩივარი შესაძლებელია ემყარებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობას. ფაქტობრივ უსწორობაზე მითითებისას შეგიძლიათ აღნიშნოთ, რომ სასამართლომ ფაქტობრივი გარემოება: (1)არასწორად მიიჩნია უდავოდ; (2)არასწორად არ მიიჩნია უდავოდ; (3)არასწორად მიიჩნია დადგენილად; (4)არასწორად არ მიიჩნია დადგენილად; (5)არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ; (6)არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ. ფაქტობრივი უსწორობა შესაძლოა ემყარებოდეს უკვე წარმოდგენილ ან ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, ან მათ უარყოფას. ამასთან, თითოეულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით მიუთითეთ იმ გვერდზე, მუხლზე, პუნქტზე, აბზაცსა თუ წინადადებაზე, სადაც თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული. ახალი მტკიცებულების წარმოდგენისას, ასევე, თუ საპატიო მიზეზის გამო, ვერ ახერხებთ სააპელაციო საჩივარს დაურთოთ იგი, ვალდებული ხართ, ამ მტკიცებულების დასახელების გასწვრივ მიუთითოთ სტანდარტული ტექსტი (,,წარმოვადგინე შუამდგომლობა”) და წარმოადგინოთ შესაბამისი შუამდგომლობა მტკიცებით შუამდგომლობათა ნაწილში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ არსებობს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი სააპელაციო მოთხოვნის დაუსაბუთებლად მიჩნევისა და, შესაბამისად, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ალბათობის ხარისხს. ფაქტობრივი უსწორობები უნდა ჩამოაყალიბოთ ნათლად და ლაკონურად. ფაქტობრივი უსწორობები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად), ცალკე გრაფაში და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. ერთ გრაფაში რამდენიმე ფაქტობრივი უსწორობის მითითება შეიძლება, თუ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ისინი ერთ გრაფაშია მოქცეული. თითოეული ფაქტობრივი უსწორობის ტექსტი უნდა შეიცავდეს უშუალოდ უსწორობის შინაარსს და ამ უსწორობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ნუსხას. თუ ხდება მითითება სხდომის ოქმზე, აუცილებლად უნდა მიეთითოს დროის ის მონაკვეთი, სადაც თქვენთვის მნიშვნელოვან გარემოებაზეა საუბარი. მტკიცებულებები ერთმანეთისაგან გამოიყოფა გრაფებით. მე-2 და მომდევნო ფაქტობრივი უსწორობის დამატებით მიზნით გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება.

ახალი ფაქტობრივი გარემოებები

ფაქტობრივი გარემოება არის ერთი კონკრეტული მოვლენა, რომელიც მოხდა თქვენსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის სადავო ურთიერთობისას (მაგ. ხელშეკრულების დადება). სააპელაციო სასამართლო ახალ ფაქტობრივ გარემოებას მიიღებს, თუ თქვენ, საპატიო მიზეზის გამო, არ შეგეძლოთ მასზე მითითება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნევის შემთხვევაში, იურიდიულად უნდა ამართლებდეს თქვენს სააპელაციო მოთხოვნას. თქვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ, რომელი ახალი ფაქტობრივი გარემოებები დაედოს საფუძვლად თქვენს სააპელაციო მოთხოვნას. ამავე დროს, არ მიუთითოთ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც საქმისათვის არ აქვთ მნიშვნელობა ან/და არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ დავის გადაწყვეტაზე. ახალი ფაქტობრივი გარემოებები უნდა ჩამოაყალიბოთ ნათლად და ლაკონურად. ფაქტობრივი გარემოებები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად), ცალკე გრაფაში . მხოლოდ განსაკუთრებით გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც გარემოებები ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ მათი ცალ-ცალკე მითითება შეუძლებელია, გართულდება რაიმე მოვლენის ან ფაქტის აღქმა და მოვლენის არსის წვდომა, შესაძლებელია, ერთ გრაფაში რამდენიმე გარემოების მითითება. თითოეული ახალი ფაქტობრივი გარემოების ტექსტი უნდა შეიცავდეს უშუალოდ გარემოების შინაარსს, მიუთითებლობის საპატიო მიზეზს და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებათა ნუსხას. მტკიცებულებები მიეთითება ცალკე გრაფაში. მოცემულ ფორმაში არსებობს პირველი ახალი ფაქტობრივი გარემოების დასაფიქსირებელი გრაფა. ერთზე მეტი ახალი ფაქტობრივი გარემოების დამატებით მიზნით გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება.

  • ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობა დასტურდება მტკიცებულებ(ებ)ით. თითოეული ახალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად ვალდებული ხართ, მიუთითოთ თქვენს ხელთ არსებული და თქვენთვის ცნობილი (მათ შორის, საქმეში არსებული) ყველა მტკიცებულების შესახებ. ამასთან, თითოეულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით მიუთითეთ იმ გვერდზე, მუხლზე, პუნქტზე, აბზაცსა თუ წინადადებაზე, სადაც თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული. ახალი მტკიცებულების წარმოდგენისას, ასევე, თუ საპატიო მიზეზის გამო, ვერ ახერხებთ სააპელაციო საჩივარს დაურთოთ იგი, ვალდებული ხართ, ამ მტკიცებულების დასახელების გასწვრივ მიუთითოთ სტანდარტული ტექსტი (,,წარმოვადგინე შუამდგომლობა”) და წარმოადგინოთ შესაბამისი შუამდგომლობა მტკიცებით შუამდგომლობათა ნაწილში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ არსებობს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი სააპელაციო მოთხოვნის დაუსაბუთებლად მიჩნევისა და, შესაბამისად, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ალბათობის ხარისხს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუკი არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. ერთი ან რამდენიმე აბსოლუტური საფუძვლის უბრალო მონიშვნის შემდეგ ვალდებული ხართ, დაასაბუთოთ მათი ნამდვილობა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები მონიშნეთ, თუკი არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ერთი ან რამდენიმე ქვემოთ მოცემული აბსოლუტური საფუძველი:

სამართლის ნორმა დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ (1)არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; (2)გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; (3)მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. ნორმათა შინაარსი გამომდინარეობს სამართლებრივი აქტებიდან, ჩვეულებებიდან და სხვ. ნორმათა შინაარსი შეგიძლიათ განმარტოთ თავისუფლად, თქვენს მოსაზრებებზე, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და პრაქტიკაზე, საერთაშორისო სტანდარტებზე, უცხოურ კანონმდებლობასა და სხვა სახის არგუმენტებზე მითითებით, აგრეთვე შესაძლებელია მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებსა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შეუსაბამობის თაობაზე. სამართლებრივი საფუძვლები იურიდიულად უნდა ამართლებდეს თქვენს სააპელაციო მოთხოვნას. თითოეული სამართლის ნორმის დარღვევაზე უნდა მიუთითოთ ნათლად და ლაკონურად. თითოეული სამართლის ნორმის დარღვევა მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად), ცალკე გრაფაში და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით.

მტკიცებითი შუამდგომლობები

შუამდგომლობა არის თქვენი მიმართვა სასამართლოსადმი კონკრეტული პროცესუალური მოქმედების განხორციელების მოთხოვნით. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს შუამდგომლობაში დასმულ საკითხთან უშუალო კავშირში მყოფ გარემოებებს. მტკიცებითი შუამდგომლობები შეეხება მტკიცებულებებს. ქვემოთ მოცემულია საქმის ზეპირ მოსმენაზე მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა მოწვევის გრაფები, სადაც მიეთითება მოსაწვევი მოწმის, ექსპერტის ან/და სპეციალისტის სახელი და გვარი, იმ ფაქტობრივ უსწორობათა ან/და ახალ ფაქტობრივ გარემოებათა ნომრები, რომლებსაც მიგაჩნიათ, რომ დაადასტურებენ აღნიშნული პირები და საპატიო მიზეზი, თუ რატომ არ იყვნენ ისინი წარმოდგენილი საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას ან რატომ გახდა აუცილებელი მათი ხელახალი გამოძახება.

  • ამ გრაფაში იწერება შუამდგომლობები ახალ წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებათა დაშვების თაობაზე. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ მტკიცებულებას, რომელიც თქვენ შეგეძლოთ წარგედგინათ პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინეთ. ამასთან, სააპელაციო სასამართლო მხოლოდ იმ ახალ მტკიცებულებებს მიიღებს, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის.

    თუკი საპატიო მიზეზის გამო, სააპელაციო საჩივარს ვერ ურთავთ ახალ მტკიცებულებას, შეგიძლიათ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე, რათა მან მოგცეთ გონივრული ვადა მის წარსადგენად. ვალდებული ხართ, შუამდგომლობაში მიუთითოთ: (1)მტკიცებულების დასახელება; (2)წარმოდგენის შეუძლებლობის საპატიო მიზეზი; (3)გონივრული ვადა მის წარმოსადგენად. თითოეულ ამგვარ მტკიცებულებასთან მიმართებით შუამდგომლობები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად), ცალკე გრაფაში.

    თუკი საკუთარი ძალებით ვერ შეძელით ახალი მტკიცებულების მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულება იმყოფება, შეგიძლიათ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე, რათა სასამართლომ გამოითხოვოს იგი. ვალდებული ხართ, შუამდგომლობაში მიუთითოთ: (1)მტკიცებულების დასახელება; (2)დავის იმ ფაქტობრივ გარემოებათა ნომრები, რომლებიც დგინდება ამ მტკიცებულებით; (3)მტკიცებულების მფლობელის სახელი და გვარი (სახელწოდება) და მისი საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი); (4)რა საფუძვლით გეთქვათ უარი მტკიცებულების გადმოცემაზე; (5)რას ეფუძნება თქვენი ვარაუდი, რომ მტკიცებულება თქვენ მიერ მითითებული პირის ხელთაა. თითოეულ ამგვარ მტკიცებულებასთან მიმართებით შუამდგომლობები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად), ცალკე გრაფაში.

სხვა სახის შუამდგომლობები

ამ გრაფაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი სხვა სახის შუამდგომლობა (მაგ. საქმეში მესამე პირის ჩაბმის თაობაზე). თითოეული შუამდგომლობა უნდა ჩამოყალიბდეს ნათლად და ლაკონურად. მოთხოვნები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად), ცალკე გრაფაში . თითოეული მოთხოვნის ტექსტი უნდა შეიცავდეს უშუალოდ მოთხოვნის შინაარსს და მის არგუმენტაციას. ერთზე მეტი შუამდგომლობის დამატების მიზნით გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება.

დაგჭირდებათ თუ არა თქვენ ან/და დასაბარებელ პირს თარჯიმანი საქმის ზეპირი განხილვისას?

საჩივრის (დავის საგნის) ფასი არის პროცესუალური ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება სასამართლოს სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრაში. საჩივრის ფასი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ზომით ითხოვთ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 (ათას) ლარს.

სახელმწიფო ბაჟი არის შენატანი საქართველოს ბიუჯეტში, სასამართლო პროცესის წარმართვისათვის. სახელმწიფო ბაჟის ოდენობები დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლებით. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო სასამართლოში შეადგენს საჩივრის (დავის საგნის) ფასის 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამასთან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკურ პირთათვის 5000 ლარს, ხოლო იურიდიულ პირთათვის - 7000 ლარს. ვალდებული ხართ, სააპელაციო საჩივარს უნდა დაურთოთ სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიუთითოთ, რომ კანონი გათავისუფლებთ მისი გადახდისაგან, ან წარმოადგინოთ შუამდგომლობა ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი ოდენობის შემცირების ან/და გადახდის გადავადების მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს სააპელაციო საჩივარზე დადგინდება ხარვეზი და სასამართლო არ მიიღებს მას წარმოებაში აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრამდე. სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესი სახელმწიფო ბაჟი შეიტანება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხაზინის ერთიან ანგარიშზე: ბანკის კოდი: TRESGE22 ანგარიშის #: 200122900 (იხ. სახაზინო კოდები)

შემთხვევები, როდესაც კანონი გათავისუფლებთ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლებით. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, თქვენი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებით), გაგათავისუფლოთ ბაჟის გადახდისაგან, შეგიმციროთ მისი ოდენობა ან გადაგივადოთ გადახდა. პროცესის სხვა ხარჯების (მაგ. ადვოკატის მოწვევა სახელმწიფოს ხარჯზე) შესახებ შუამდგომლობები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად), ცალკე გრაფაში.

ხომ არ გათავისუფლებთ კანონი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან?
ხომ არ ითხოვთ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას?
ხომ არ ითხოვთ სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებას?
ხომ არ ითხოვთ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას?
შუამდგომლობები პროცესის სხვა (სასამართლო ან სასამართლოსგარეშე) ხარჯების თაობაზე:

თქვენს ინტერესში შედის საქმის მორიგებით დამთავრება. მორიგება წარმოადგენს დავის გადაწყვეტის ყველაზე სწრაფ, ეფექტურ და იაფ საშუალებას. ამასთან, გეძლევათ შესაძლებლობა, თავად განსაზღვროთ დავის შედეგი, ასევე, აღმოფხვრათ კონფლიქტი ერთმანეთს შორის. სასამართლო სხდომამდე მხარეთა მორიგების შემთხვევაში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სასამართლო სხდომაზე მორიგების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. მოურიგებლობის ნეგატიური შედეგებია: » რთულადგანჭვრეტადი შედეგი; » ხანგრძლივი სასამართლო პროცესი; » სასამართლო ხარჯები; » სასამართლოსგარეშე ხარჯები; » ყოველდღიური ხარჯები.

თანახმა ხართ თუ არა, რომ საქმე დაამთავროთ მორიგებით?

დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია საქმის მორიგებით დამთავრებასთან დაკავშირებით. თანხმობის შემთხვევაში, მიუთითეთ, თუ რა პირობებით ხართ თანახმა მორიგებაზე. უარის შემთხვევაში ვალდებული ხართ, დაასაბუთოთ თქვენი უარი (მიუთითოთ უარის მოტივებზე).

წარმოადგინეთ თქვენი მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დავის სწრაფად გადაწყვეტას, ზოგავს თქვენს დროს და სახსრებს. თუ თქვენ ითხოვთ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ თქვენ ითხოვთ გასაჩივრებული გადაწყვეტილების როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმებას, მაგრამ არ წარმოგიდგენიათ ახალი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ან წარმოადგინეთ დაუშვებელი ახალი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თქვენი და მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ გეცნობებათ.

თანახმა ხართ თუ არა, რომ სასამართლომ საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე?

მოცემული გრაფის შევსება სავალდებულოა იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ თანახმა ხართ, სასამართლომ საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. პოზიციის დასაბუთებაში იგულისხმება საქმის ზეპირი განხილვის უშუალოდ თქვენთვის განკუთვნილი ნაწილი. თუ ირჩევთ 20-ზე მეტ წუთს ან 2-ზე მეტ სხდომას, ვალდებული ხართ, მიუთითოთ, თუ რაში მდგომარეობს თქვენი საქმის სპეციფიკური სირთულე. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სასამართლოსათვის სავალდებულო არაა თქვენ მიერ მითითებული დრო და სხდომათა რაოდენობა.

შეგიძლიათ განაცხადოთ თანხმობა, რომ წერილობითი მასალები გადმოგეგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მათ უფრო დროულ მოწოდებასა და კომფორტულ ხელმისაწვდომობას. ამავე დროს, სასამართლოს სპეციალური პროგრამა დროის რეალურ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას თქვენს საქმეზე განხორციელებული ყველა არსებითი ცვლილების თაობაზე.

თანახმა ხართ თუ არა, რომ წერილობითი მასალები მიიღოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით?

თანდართული საბუთების ნუსხა

ვალდებული ხართ, სააპელაციო საჩივარს დაურთოთ მასში მითითებული ყველა ახალი მტკიცებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, საპატიო მიზეზის გამო, ვერ ახერხებთ მათ წარმოდგენას და აღნიშნულის თაობაზე მიუთითეთ მტკიცებით შუამდგომლობათა ნაწილში. ახალი წერილობითი მტკიცებულებები, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ ახალი წერილობითი მტკიცებულების დედანი უცხო ენაზეა შედგენილი, იგი უნდა ითარგმნოს ქართულად (აფხაზეთში შესაძლებელია აფხაზური თარგმანიც). არ დაურთოთ სააპელაციო საჩივარს ერთხელ უკვე წარმოდგენილი საბუთები. ნორმატიული მასალის დართვა სააპელაციო საჩივარზე მხოლოდ განსაკუთრებით გამონაკლის შემთხვევებშია გამართლებული. თანდართული საბუთები იწერება სათითაოდ (პუნქტობრივად), ცალ-ცალკე გრაფაში და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით (მაგ. დანართი 1, დანართი 2, ...). თითოეული საბუთის ქვემოთ მიუთითეთ ფურცლების რაოდენობაზე, ხოლო ნუსხის დასრულების შემდეგ - ფურცლების საერთო რაოდენობაზე. თითოეულ თანდართულ საბუთს უნდა წააწეროთ - ,,დანართი X”. დანართის ნომერი უნდა ემთხვეოდეს სააპელაციო საჩივრის ფორმაში დაფიქსირებულ რიგითობას. სასამართლოს უნდა წარუდგინოთ სააპელაციო საჩივრისა და თანდართული საბუთების იმდენი ასლი, რამდენი მონაწილეც არის საქმეში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს სააპელაციო საჩივარზე შესაძლოა დადგინდეს ხარვეზი და სასამართლო არ მიიღებს მას წარმოებაში აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრამდე. სააპელაციო საჩივარი უნდა შეიტანოთ იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივრის შემოსვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის თბილისის ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას.

ჩემი (ჩემი მარწმუნებლის) ცოდნის, ინფორმირებულობისა და რწმენის საუკეთესო გამოვლინებით, ამ ფორმაში ფაქტები მივუთითე სრული სახით და ისინი შეესაბამება სინამდვილეს. ვაცნობიერებ, თუ რა შედეგთან არის დაკავშირებული მონაცემების არასწორი ან/და არასრული მითითება.

თუ არ გამოცხადდით სხდომაზე, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას თქვენს წინააღმდეგ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის შესაბამისად. თუ სხდომაზე არ გამოცხადდით არც თქვენ და არც მოწინააღმდეგე მხარე, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ვალდებული ხართ, გამოუცხადებლობის მიზეზი სხდომის დაწყებამდე აცნობოთ სასამართლოს. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რაც თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზიდან გამომდინარეობს. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს. ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს. წარმომადგენელი ვალდებულია, მისთვის უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს აპელანტს. წარმოადგინეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ! თუ თქვენ დაესწრებით გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადებას ან თქვენთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იქნება გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების თარიღის შესახებ და დააპირებთ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებას, ვალდებული ხართ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეთ სასამართლოში და ჩაიბაროთ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ! სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე _ თქვენ გეკისრებათ როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. საქმის საბოლოო შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებთ თქვენს პოზიციას და რომელი მტკიცებულებით დაადასტურებთ მათ ანუ წარმატებას განაპირობებს მხოლოდ თქვენი პროფესიონალიზმი და თქვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. შევსებული ფორმა შეგიძლიათ ჩააბაროთ სასამართლოს კანცელარიის (მისაღების) მოხელეს ან გამოაგზავნოთ ფოსტის მეშვეობით. როგორც წესი, წარმოდგენილ უნდა იქნეს შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიაც (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააპელაციო საჩივარი არ არის წარმოდგენილი ნაბეჭდი ფორმით). სასამართლოს კანცელარია (მისაღები) მუშაობს 09:30-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

კლავიატურის მალსახმობები

ამ ფანჯრის დასახურად ან ხმოვანი დახმარების გასაჩერებლად დააჭირეთ Esc-ს.

?
ამ დახმარების ფანჯრის გახსნა ან დახურვა.
g შემდეგ h
მთავარ გვერდზე გადასვლა.
g შემდეგ f
ფორმების სიაზე გადასვლა.
g შემდეგ p
პროფილზე გადასვლა (თუ არ ხართ შესული — შესვლის გვერდი).
g შემდეგ l
შესვლის გვერდი.
g შემდეგ r
რეგისტრაციის გვერდი.
r
გვერდის შესავლის გამეორება.
Shift + R
მთელი გვერდის წაკითხვა.
n / p
მომდევნო ან წინა ინტერაქტიულ ელემენტზე გადასვლა.
m
მთავარ შინაარსზე გადასვლა.
s
მიმდინარე ფორმის გაგზავნა.
+ / -
ტექსტის გადიდება ან შემცირება.
c
მაღალი კონტრასტის ჩართვა/გამორთვა.
v
ხმოვანი დახმარების ჩართვა/გამორთვა.