საკასაციო შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული საკასაციო შესაგებლის ფორმის ციფრული ვერსია. ვალდებული ხართ თქვენი შესაგებელი საკასაციო საჩივარსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თქვენი მოსაზრებები საჩივრისთვის თანდართული საბუთების შესახებ სასამართლოს წარუდგინოთ საკასაციო საჩივრისა და თანდართული საბუთების ასლების მიღებიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ფორმასთან დაკავშირებით კითხვის, შენიშვნის ან რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე (995 32) 227-31-00 ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: forms@hcoj.gov.ge

თუ გსურთ, რომ შევსებული ფორმა თქვენს პროფილზე იქნეს შენახული, აუცილებელია ანგარიშის შექმნა. ანგარიშის შექმნის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გარეშე შევსებული ფორმა არ შეინახება. რეგისტრაციის გარეშე ფორმის შევსების შემთხვევაში მოახდინეთ შევსებული ფორმის ჩამოტვირთვა.

მოწინააღმდეგე მხარე:

მოწინააღმდეგე მხარე ხართ თქვენ (ყოფილი აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი), ვის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებასაც ასაჩივრებს კასატორი. ორი ან მეტი მოწინააღმდეგე მხარის არსებობისას, თითოეული მათგანის პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს ცალკე გრაფაში. მოწინააღმდეგე მხარის დამატების შემთხვევაში გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება.

  • ,,ალტერნატიული მისამართის” ველში მიეთითება ის ადგილი, რომელსაც ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) თანადროულად იყენებთ ჩვეულებრივ საცხოვრებლად (საქმიანობის ადგილად) და რომელზეც პერმანენტულად იქნება შესაძლებელი თქვენთან დაკავშირება. ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის და სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის, ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მითითება არაა სავალდებულო, თუმცა ხელს უწყობს თქვენს დავაზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი:

შესაძლებელია გყავდეთ კანონისმიერი (მაგ. მშობლები) ან გარიგებისმიერი წარმომადგენელი (მხოლოდ ადვოკატი). თუ საკასაციო შესაგებლის შემოტანის მომენტისათვის აყვანილი გყავთ წარმომადგენელი, საკასაციო შესაგებელში უნდა მიეთითოს როგორც თქვენი, ასევე წარმომადგენლის მონაცემები. თუ საკასაციო შესაგებელი შემოაქვს თქვენს წარმომადგენელს, მაშინ მან უნდა მიუთითოს როგორც საკუთარი, ასევე, თქვენი (მარწმუნებლის) მონაცემები. ამავე დროს, წარმომადგენელმა საკასაციო შესაგებელს უნდა დაურთოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. დაბადების მოწმობა, მინდობილობა (ორდერი), ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან). ადვოკატი ვალდებულია, წარმოადგინოს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობაც. ორი ან მეტი მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის არსებობისას, თითოეული მათგანის პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს ცალკე გრაფაში. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის დამატების შემთხვევაში გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის და სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის, ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მითითება არაა სავალდებულო, თუმცა ხელს უწყობს თქვენს დავაზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

საკონტაქტო პირი:

საკონტაქტო პირად შეგიძლიათ მიუთითოთ ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, რომელიც არ მონაწილეობს დავაში, მაგრამ, ნათესაური, მეგობრული თუ სხვა სახის ურთიერთობიდან გამომდინარე, შეძლებს დაეხმაროს სასამართლოს თქვენთან დაკავშირებაში. საკონტაქტო პირის მითითება არ არის სავალდებულო, თუმცა შედის თქვენსავე ინტერესში, რადგან ხელს უწყობს დავის დროულ განხილვას.

საკასაციო მოთხოვნას შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ ან დაეთანხმოთ სრულად, ან ნაწილობრივ. საკასაციო მოთხოვნის მიმართ სრული ან ნაწილობრივი თანხმობის გამოხატვა იწვევს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას სრულად ან ნაწილობრივ, შესაბამისად, სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდებით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ საკასაციო მოთხოვნას სრულად ეთანხმებით, შეგიძლიათ აღარ შეავსოთ მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებები კასაციის მიზეზებსა და კასატორის მიერ მითითებულ დარღვევებთან დაკავშირებით, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საკასაციო მოთხოვნის ცნობაზე სრულად ან ნაწილობრივ უარის თქმის შემთხვევაში შესაგებლის ფორმა ექვემდებარება სრულად შევსებას. თუ საკასაციო მოთხოვნას ნაწილობრივ ეთანხმებით, ვალდებული ხართ, დააკონკრეტოთ, თუ რა ნაწილში მიგაჩნიათ იგი მართებულად და რა ნაწილში - უმართებულოდ.

შესაბამისი საფუძვლის მითითებით (მაგ. საქმის განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის), შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ სასამართლომ შეწყვიტოს საქმის წარმოება საკასაციო საჩივარზე. საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26 (2)-ე მუხლებში.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს?

შესაბამისი საფუძვლით მითითებით (მაგ. დაინტერესებული პირის სახელით საკასაციო საჩივარი შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება), შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ სასამართლომ საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვოს. საკასაციო საჩივარის განუხილველად დატოვების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლებში.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ სასამართლომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დატოვოს?

შესაბამისი საფუძვლით მითითებით (მაგ. მხარე იმყოფება ხანგრძლივ სამსახურეობრივ მივლინებაში), შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ სასამართლომ საქმის წარმოება შეაჩეროს. საქმის წარმოების შეჩერების საფუძლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე და 280-ე მუხლებში. საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. საქმის განახლების შემდეგ საქმის განხილვა ხდება საერთო წესით.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ სასამართლომ უნდა შეაჩეროს საქმის წარმოება?

შეგებებული საკასაციო საჩივარი შესაგებელთან ერთად საკასაციო საჩივრისგან თავდაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. თუმცა, შეგებებული საკასაციო საჩივარის წარდგენით თქვენ არა მხოლოდ პასიურად იცავთ თავს საკასაციო საჩივრისგან, არამედ იმავდროულად თქვენს დამოუკიდებელ საკასაციო მოთხოვნებს აყალიბებთ. საკასაციო საჩივრის გადმოცემიდან 10 დღის ვადაში უფლებამოსილი ხართ, წარმოადგინოთ შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, გაცხადებული გაქვთ თუ არა უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ დავი საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია.

ხომ არ აპირებთ, შეგებებული საკასაციო საჩივრის აღძვრას?

მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებები კასაციის მიზეზებზე (საფუძვლებზე)

  • გასაჩივრებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუკი არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია კასატორის მიერ მითითებულ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ერთ ან რამდენიმე აბსოლუტურ საფუძველთან მიმართებით.

    სამართლის ნორმა დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: (1)არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; (2)გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; (3)მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. ნორმათა შინაარსი გამომდინარეობს სამართლებრივი აქტებიდან, ჩვეულებებიდან და სხვ. ნორმათა შინაარსი შეგიძლიათ განმარტოთ თავისუფლად, თქვენს მოსაზრებებზე, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და პრაქტიკაზე, საერთაშორისო სტანდარტებზე, უცხოურ კანონმდებლობასა და სხვაზე მითითებით. თქვენი მოსაზრებები კასატორის მიერ მითითებულ სამართლის ნორმის დარღვევაზე უნდა აბათილებდეს საკასაციო მოთხოვნას. თქვენი მოსაზრებები სამართლის ნორმათა დარღვევასთან დაკავშირებით უნდა მიუთითოთ ნათლად და ლაკონურად. თითოეული მოსაზრება ნორმის დარღვევაზე მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. გაითვალისწინეთ, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული ნორმათა დარღვევებისა და მათზე თქვენი მოსაზრებების ნუმერაცია უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.

მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებები კასატორის მიერ მითითებულ პრეტენზიებზე

სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). წინამდებარე გრაფაში ვალდებული ხართ, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ თითოეულ პრეტენზიასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ აირჩიოთ ოთხი პოზიციიდან ერთ-ერთი (,,ვეთანხმები”; ,,არ ვეთანხმები”; ,,ნაწილობრივ ვეთანხმები”; ,,საქმისათვის არ აქვს მნიშვნელობა”). თუ პრეტენზიას ნაწილობრივ ეთანხმებით, ვალდებული ხართ, დააკონკრეტოთ, თუ რა ნაწილში მიგაჩნიათ იგი დასაბუთებულად და რა ნაწილში - დაუსაბუთებლად. ვალდებული ხართ, დაასაბუთოთ თქვენი პოზიცია, თუკი საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიას სრულად ან ნაწილობრივ არ ეთანხმებით, ან მიგაჩნიათ იგი საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ. გაითვალისწინეთ, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებისა და მათზე თქვენი პოზიციის ნუმერაცია უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. თითოეული პოზიციის ტექსტი უნდა შეიცავდეს უშუალოდ მის დასაბუთებას. თუ ხდება მითითება სხდომის ოქმზე, აუცილებლად უნდა მიეთითოს დროის ის მონაკვეთი, სადაც თქვენთვის მნიშვნელოვან გარემოებაზეა საუბარი. პრეტენზიის დამატების შემთხვევაში გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება.

შუამდგომლობები

შუამდგომლობა არის სასამართლოსადმი თქვენი მიმართვა კონკრეტული პროცესუალური მოქმედების განხორციელების მოთხოვნით. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს შუამდგომლობაში დასმულ საკითხთან უშუალო კავშირში მყოფ გარემოებებს. თითოეული შუამდგომლობა უნდა მიეთითოს ნათლად და ლაკონურად. მოთხოვნები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. თითოეული მოთხოვნის ტექსტი უნდა შეიცავდეს უშუალოდ მოთხოვნის შინაარსს და ამ მოთხოვნის არგუმენტაციას. ახალი შუამდგომლობის დამატების შემთხვევაში გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება.

გაქვთ თუ არა აცილება მოსამართლის მიმართ?

შესაბამისი საფუძვლის მითითებით (მაგ. მოსამართლე თავადაა დავის მხარე), შეგიძლიათ განაცხადოთ აცილება საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ. მოსამართლის აცილების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე, 30-ე და 31-ე მუხლებსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლში.

თქვენს ინტერესში შედის საქმის მორიგებით დამთავრება. მორიგება წარმოადგენს დავის გადაწყვეტის ყველაზე სწრაფ, ეფექტურ და იაფ საშუალებას. ამასთან, გეძლევათ შესაძლებლობა, თავად განსაზღვროთ დავის შედეგი, ასევე, აღმოფხვრათ კონფლიქტი ერთმანეთს შორის. სასამართლო სხდომამდე მხარეთა მორიგების შემთხვევაში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სასამართლო სხდომაზე მორიგების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. მოურიგებლობის ნეგატიური შედეგებია: » რთულადგანჭვრეტადი შედეგი; » ხანგრძლივი სასამართლო პროცესი; » სასამართლო ხარჯები; » სასამართლოსგარეშე ხარჯები; » ყოველდღიური ხარჯები.

თანახმა ხართ თუ არა, რომ საქმე დაამთავროთ მორიგებით?

დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია საქმის მორიგებით დამთავრებასთან დაკავშირებით. თანხმობის შემთხვევაში, მიუთითეთ, თუ რა პირობებით ხართ თანახმა მორიგებაზე. უარის შემთხვევაში ვალდებული ხართ, დაასაბუთოთ თქვენი უარი (მიუთითოთ უარის მოტივებზე). ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი საქმე მორიგებით დაამთავროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

თანდართული საბუთების ნუსხა

ვალდებული ხართ, საკასაციო შესაგებელს დაურთოთ მასში მითითებული ყველა დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, საპატიო მიზეზის გამო, ვერ ახერხებთ მათ წარდგენას და აღნიშნულის თაობაზე მიუთითეთ შუამდგომლობათა ნაწილში. წერილობითი დოკუმენტები, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წერილობითი დოკუმენტის დედანი უცხო ენაზეა შედგენილი, იგი უნდა ითარგმნოს ქართულად (აფხაზეთში შესაძლებელია აფხაზური თარგმანიც). არ დაურთოთ საკასაციო შესაგებელს ერთხელ უკვე წარმოდგენილი საბუთები. ნორმატიული მასალის დართვა საკასაციო შესაგებელზე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია გამართლებული. თანდართული საბუთები იწერება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. პრეტენზიის დამატების შემთხვევაში გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება. სასამართლოს უნდა წარუდგინოთ საკასაციო შესაგებლისა და თანდართული საბუთების იმდენი ასლი, რამდენი მონაწილეც არის საქმეში.

შეგიძლიათ განაცხადოთ თანხმობა, რომ წერილობითი მასალები გადმოგეგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მათ უფრო დროულ მოწოდებასა და კომფორტულ ხელმისაწვდომობას. ამავე დროს, სასამართლოს სპეციალური პროგრამა დროის რეალურ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას თქვენს საქმეზე განხორციელებული ყველა არსებითი ცვლილების თაობაზე.

თანახმა ხართ თუ არა, რომ წერილობითი მასალები მიიღოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით?

ჩემი (ჩემი მარწმუნებლის) ცოდნის, ინფორმირებულობისა და რწმენის საუკეთესო გამოვლინებით, ამ ფორმაში ფაქტები მივუთითე სრული სახით და ისინი შეესაბამება სინამდვილეს. ვაცნობიერებ, თუ რა შედეგთან არის დაკავშირებული მონაცემების არასწორი ან/და არასრული მითითება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ! სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე _ თქვენ გეკისრებათ როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. საქმის საბოლოო შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებთ თქვენს პოზიციას და რომელი მტკიცებულებით დაადასტურებთ მათ ანუ წარმატებას განაპირობებს თქვენი პროფესიონალიზმი და თქვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. შევსებული ფორმა შეგიძლიათ სასამართლოს ჩააბაროთ კანცელარიის (მისაღების) მოხელეს ან გამოაგზავნოთ ფოსტის მეშვეობით. როგორც წესი, წარმოდგენილ უნდა იქნეს შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიაც (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკასაციო საჩივარი არ არის წარმოდგენილი ნაბეჭდი ფორმით). სასამართლოს კანცელარია (მისაღები) მუშაობს 09:30-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

კლავიატურის მალსახმობები

ამ ფანჯრის დასახურად ან ხმოვანი დახმარების გასაჩერებლად დააჭირეთ Esc-ს.

?
ამ დახმარების ფანჯრის გახსნა ან დახურვა.
g შემდეგ h
მთავარ გვერდზე გადასვლა.
g შემდეგ f
ფორმების სიაზე გადასვლა.
g შემდეგ p
პროფილზე გადასვლა (თუ არ ხართ შესული — შესვლის გვერდი).
g შემდეგ l
შესვლის გვერდი.
g შემდეგ r
რეგისტრაციის გვერდი.
r
გვერდის შესავლის გამეორება.
Shift + R
მთელი გვერდის წაკითხვა.
n / p
მომდევნო ან წინა ინტერაქტიულ ელემენტზე გადასვლა.
m
მთავარ შინაარსზე გადასვლა.
s
მიმდინარე ფორმის გაგზავნა.
+ / -
ტექსტის გადიდება ან შემცირება.
c
მაღალი კონტრასტის ჩართვა/გამორთვა.
v
ხმოვანი დახმარების ჩართვა/გამორთვა.