საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საქმეზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული საკასაციო საჩივრის ფორმის ციფრული ვერსია. ფორმასთან დაკავშირებით კითხვის, შენიშვნის ან რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე (995 32) 227-31-00 ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: forms@hcoj.gov.ge

თუ გსურთ, რომ შევსებული ფორმა თქვენს პროფილზე იქნეს შენახული, აუცილებელია ანგარიშის შექმნა. ანგარიშის შექმნის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გარეშე შევსებული ფორმა არ შეინახება. რეგისტრაციის გარეშე ფორმის შევსების შემთხვევაში მოახდინეთ შევსებული ფორმის ჩამოტვირთვა.

კასატორი:

კასატორი ხართ თქვენ (ყოფილი აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი), ვინც ასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ორი ან მეტი კასატორის არსებობისას, თითოეული მათგანის პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს ცალკე გრაფაში. კასატორის დამატების შემთხვევაში გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება.

  • სასამართლო უფლებამოსილია, საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვოს, თუ თქვენ არ მიუთითებთ ან არასწორად მიუთითებთ თქვენს ძირითად მისამართზე (ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე). მისამართის შეცვლის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ სასამართლოს.

    ,,ალტერნატიული მისამართის” ველში მიეთითება ის ადგილი, რომელსაც ძირითადი მისამართის (ფაქტრობრივი ადგილსამყოფლის) თანადროულად იყენებთ ჩვეულებრივ საცხოვრებლად (საქმიანობის ადგილად) და რომელზეც პერმანენტულად იქნება შესაძლებელი თქვენთან დაკავშირება. ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის და სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის, ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მითითება არაა სავალდებულო, თუმცა ხელს უწყობს თქვენს დავაზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

კასატორის წარმომადგენელი:

შესაძლებელია გყავდეთ კანონისმიერი (მაგ. მშობლები) ან გარიგებისმიერი წარმომადგენელი (მხოლოდ ადვოკატი). თუ საკასაციო საჩივრის აღძვრის მომენტისათვის აყვანილი გყავთ წარმომადგენელი, საკასაციო საჩივარში უნდა მიუთითოთ როგორც თქვენი და მოწინააღმდეგე მხარის, ასევე, წარმომადგენლის მონაცემები. თუ საკასაციო საჩივარი შეაქვს თქვენს წარმომადგენელს, მაშინ მან უნდა მიუთითოს როგორც საკუთარი და მოწინააღმდეგე მხარის, ასევე, თქვენი (მარწმუნებლის) მონაცემები. ამავე დროს, წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარს უნდა დაურთოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. დაბადების მოწმობა, მინდობილობა (ორდერი), ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან). ადვოკატი ვალდებულია, წარმოადგინოს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობაც. ორი ან მეტი კასატორის წარმომადგენლის არსებობისას, თითოეული მათგანის პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს ცალკე გრაფაში. კასატორის წარმომადგენლის დამატების შემთხვევაში გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება. კასატორის წარმომადგენლის ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის და სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის, ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მითითება არაა სავალდებულო, თუმცა ხელს უწყობს თქვენს დავაზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

მოწინააღმდეგე მხარე:

მოწინააღმდეგე მხარე არის ყოფილი აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან/და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი, ვის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებასაც ასაჩივრებთ საკასაციო წესით. ორი ან მეტი მოწინააღმდეგე მხარის არსებობისას, თითოეული მათგანის პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს ცალკე გრაფაში. მოწინააღმდეგე მხარის დამატების შემთხვევაში გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება. მოწინააღმდეგე მხარის ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის და სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის, ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მითითება არაა სავალდებულო, თუმცა ხელს უწყობს თქვენს დავაზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

  • სასამართლო უფლებამოსილია, საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვოს, თუ თქვენ არ მიუთითებთ ან არასწორად მიუთითებთ მოწინააღმდეგე მხარის ძირითად მისამართზე (ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე).

საკონტაქტო პირი:

საკონტაქტო პირად შეგიძლიათ მიუთითოთ ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, რომელიც არ მონაწილეობს დავაში, მაგრამ, ნათესაური, მეგობრული თუ სხვა სახის ურთიერთობიდან გამომდინარე, შეძლებს დაეხმაროს სასამართლოს თქვენთან დაკავშირებაში. საკონტაქტო პირის მითითება არ არის სავალდებულო, თუმცა შედის თქვენსავე ინტერესში, რადგან ხელს უწყობს დავის დროულ განხილვას.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება

ვალდებული ხართ, ამ გრაფაში მიუთითოთ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება, კერძოდ, მიმღები სასამართლო, მომხსენებლი მოსამართლე, საქმის ნომერი და გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამასთან, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება გახდეს სასამართლოს ის განჩინებებიც, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

ვალდებული ხართ, მიუთითოთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სრულად ასაჩივრებთ თუ ნაწილობრივ. ნაწილობრივი გასაჩივრებისას მიუთითეთ სარეზოლუციო ნაწილის იმ პუნქტებზე რომელთაც სადავოდ ხდით და დეტალურად დააზუსტეთ საჩივრის მოცულობა თითოეულ ამ პუნქტთან მიმართებით, რადგან საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეცვალოს (გააუქმოს) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც თქვენ მოითხოვთ.

ამ გრაფაში უნდა მიუთითოთ, თუ კონკრეტულად რას ითხოვთ. საკასაციო მოთხოვნა შეიძლება იყოს: (1)გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება; (2)გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება; (3)გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებული გადაწყვეტილების ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება; (4)გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებული გადაწყვეტილების ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება. გაითვალისწინეთ, რომ დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუკი არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. ერთი ან რამდენიმე აბსოლუტური საფუძვლის უბრალო მონიშვნის შემდეგ ვალდებული ხართ, დაასაბუთოთ მათი ნამდვილობა.

კასაციის საფუძვლები (მიზეზები) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. მონიშნეთ, თუკი არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ერთი ან რამდენიმე ქვემოთ მოცემული აბსოლუტური საფუძველი:

სამართლის ნორმა დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: (1)არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; (2)გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; (3)მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. ნორმათა შინაარსი გამომდინარეობს სამართლებრივი აქტებიდან, ჩვეულებებიდან და სხვ. ნორმათა შინაარსი შეგიძლიათ განმარტოთ თავისუფლად, თქვენს მოსაზრებებზე, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და პრაქტიკაზე, საერთაშორისო სტანდარტებზე, უცხოურ კანონმდებლობასა და სხვაზე მითითებით, აგრეთვე შესაძლებელია მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებსა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შეუსაბამობის თაობაზე. სამართლებრივი საფუძველები იურიდიულად უნდა ამართლებდეს თქვენს საკასაციო მოთხოვნას. თითოეული სამართლის ნორმის დარღვევა უნდა მიუთითოთ ნათლად და ლაკონურად. თითოეული სამართლის ნორმის დარღვევა მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად არაბული ციფრებით.

პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებზე

სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). თითოეული პრეტენზია ჩამოაყალიბეთ ნათლად და ლაკონურად. პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებზე მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. ერთ პუნქტად რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით პრეტენზიის მითითება შეიძლება, თუ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ისინი ერთ პუნქტშია მოქცეული. თითოეული ახალი პრეტენზიის ტექსტი უნდა შეიცავდეს უშუალოდ პრეტენზიის შინაარსს და მის დასაბუთებას. თუ ხდება მითითება სხდომის ოქმზე, აუცილებლად უნდა მიეთითოს დროის ის მონაკვეთი, სადაც თქვენთვის მნიშვნელოვან გარემოებაზეა საუბარი. პრეტენზიის დამატების შემთხვევაში გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება.

შუამდგომლობები

შუამდგომლობა არის თქვენი მიმართვა სასამართლოსადმი კონკრეტული პროცესუალური მოქმედების განხორციელების მოთხოვნით. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიუთითოთ მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს შუამდგომლობაში დასმულ საკითხთან უშუალო კავშირში მყოფ გარემოებებს. თითოეული შუამდგომლობა უნდა მიეთითოს ნათლად და ლაკონურად. მოთხოვნები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. თითოეული მოთხოვნის ტექსტი უნდა შეიცავდეს უშუალოდ მოთხოვნის შინაარსს და ამ მოთხოვნის არგუმენტაციას. ერთზე მეტი შუამდგომლობის შემთხვევაში გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება.

საჩივრის (დავის საგნის) ფასი არის პროცესუალური ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება სასამართლოს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრაში. საჩივრის ფასი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ზომით ითხოვთ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას.

სახელმწიფო ბაჟი არის შენატანი საქართველოს ბიუჯეტში, სასამართლო პროცესის წარმართვისათვის. სახელმწიფო ბაჟის ოდენობები დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლებით. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო სასამართლოში შეადგენს საჩივრის (დავის საგნის) ფასის 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკურ პირთათვის 6000 ლარს, ხოლო იურიდიულ პირთათვის - 8000 ლარს. ვალდებული ხართ, საკასაციო საჩივარს დაურთოთ სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიუთითოთ, რომ კანონი გათავისუფლებთ მისი გადახდისაგან, ან წარმოადგინოთ შუამდგომლობა ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი ოდენობის შემცირების ან/და გადახდის გადავადების მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს საკასაციო საჩივარზე დადგინდება ხარვეზი და სასამართლო არ მიიღებს მას წარმოებაში აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრამდე. სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესი სახელმწიფო ბაჟი შეიტანება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხაზინის ერთიან ანგარიშზე: ბანკის კოდი: TRESGE22 ანგარიშის #: 200122900 (იხ. სახაზინო კოდები)

ხომ არ გათავისუფლებთ კანონი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან?
ხომ არ ითხოვთ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას?
ხომ არ ითხოვთ სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებას?
ხომ არ ითხოვთ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას?

შემთხვევები, როდესაც კანონი გათავისუფლებთ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლებით. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, თქვენი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებით), გაგათავისუფლოთ ბაჟის გადახდისაგან, შეგიმციროთ მისი ოდენობა ან გადაგივადოთ გადახდა. პროცესის სხვა ხარჯების (მაგ. ადვოკატის მოწვევა სახელმწიფოს ხარჯზე) შესახებ შუამდგომლობები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით.

შუამდგომლობები პროცესის სხვა (სასამართლო ან სასამართლოსგარეშე) ხარჯების თაობაზე (მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სსკ-ის 53-ე და 54-ე მუხლების თანახმად, როგორ უნდა განაწილდეს სასამართლო ხარჯები. თქვენი გაანგარიშება სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების შესახებ).

თქვენს ინტერესში შედის საქმის მორიგებით დამთავრება. მორიგება წარმოადგენს დავის გადაწყვეტის ყველაზე სწრაფ, ეფექტურ და იაფ საშუალებას. ამასთან, გეძლევათ შესაძლებლობა, თავად განსაზღვროთ დავის შედეგი, ასევე, აღმოფხვრათ კონფლიქტი ერთმანეთს შორის. სასამართლო სხდომამდე მხარეთა მორიგების შემთხვევაში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სასამართლო სხდომაზე მორიგების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. მოურიგებლობის ნეგატიური შედეგებია: » რთულადგანჭვრეტადი შედეგი; » ხანგრძლივი სასამართლო პროცესი; » სასამართლო ხარჯები; » სასამართლოსგარეშე ხარჯები; » ყოველდღიური ხარჯები.

თანახმა ხართ თუ არა, რომ საქმე დაამთავროთ მორიგებით?

დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია საქმის მორიგებით დამთავრებასთან დაკავშირებით. თანხმობის შემთხვევაში მიუთითეთ, თუ რა პირობებით ხართ თანახმა მორიგებაზე. უარის შემთხვევაში ვალდებული ხართ, დაასაბუთოთ თქვენი უარი (მიუთითოთ უარის მოტივებზე). ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი საქმე მორიგებით დაამთავროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

შეგიძლიათ განაცხადოთ თანხმობა, რომ წერილობითი მასალები გადმოგეგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მათ უფრო დროულ მოწოდებასა და კომფორტულ ხელმისაწვდომობას. ამავე დროს, სასამართლოს სპეციალური პროგრამა დროის რეალურ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას თქვენს საქმეზე განხორციელებული ყველა არსებითი ცვლილების თაობაზე.

თანახმა ხართ თუ არა, რომ წერილობითი მასალები მიიღოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით?

თანდართული საბუთების ნუსხა

ვალდებული ხართ, საკასაციო საჩივარს დაურთოთ მასში მითითებული ყველა დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, საპატიო მიზეზის გამო, ვერ ახერხებთ მათ წარდგენას და აღნიშნულის თაობაზე მიუთითეთ შუამდგომლობათა ნაწილში. წერილობითი დოკუმენტები, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წერილობითი დოკუმენტის დედანი უცხო ენაზეა შედგენილი, იგი უნდა ითარგმნოს ქართულად (აფხაზეთში შესაძლებელია აფხაზური თარგმანიც). არ დაურთოთ საკასაციო საჩივარს ერთხელ უკვე წარმოდგენილი საბუთები. ნორმატიული მასალის დართვა მხოლოდ განსაკუთრებით გამონაკლის შემთხვევებშია გამართლებული. თანდართული საბუთები იწერება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. მიუთითეთ ფურცლების რაოდენობაზე, ხოლო ნუსხის დასრულების შემდეგ - ფურცლების საერთო რაოდენობა. დანართის ნომერი უნდა ემთხვეოდეს საკასაციო საჩივრის ფორმაში დაფიქსირებულ რიგითობას. სასამართლოს უნდა წარუდგინოთ საკასაციო საჩივრისა და თანდართული საბუთების იმდენი ასლი, რამდენი მონაწილეც არის საქმეში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს საკასაციო საჩივარზე შესაძლოა დადგინდეს ხარვეზი და სასამართლო არ მიიღებს მას წარმოებაში აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრამდე.

ჩემი (ჩემი მარწმუნებლის) ცოდნის, ინფორმირებულობისა და რწმენის საუკეთესო გამოვლინებით, ამ ფორმაში ფაქტები მივუთითე სრული სახით და ისინი შეესაბამება სინამდვილეს. ვაცნობიერებ, თუ რა შედეგთან არის დაკავშირებული მონაცემების არასწორი ან/და არასრული მითითება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ! სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე _ თქვენ გეკისრებათ როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. საქმის საბოლოო შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებთ თქვენს პოზიციას და რომელი მტკიცებულებით დაადასტურებთ მათ ანუ წარმატებას განაპირობებს თქვენი პროფესიონალიზმი და თქვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო საჩივარი უნდა შეიტანოთ იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საკასაციო საჩივრის შემოსვლის შემდეგ სააპელაციო სასამართლო დაუყოვნებლივ გადაუგზავნის საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივარსა და მთლიანად საქმეს. შევსებული ფორმა შეგიძლიათ სასამართლოს ჩააბაროთ კანცელარიის (მისაღების) მოხელეს ან გამოაგზავნოთ ფოსტის მეშვეობით. როგორც წესი, წარმოდგენილ უნდა იქნეს შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიაც (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკასაციო საჩივარი არ არის წარმოდგენილი ნაბეჭდი ფორმით). სასამართლოს კანცელარია (მისაღები) მუშაობს 09:30-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

კლავიატურის მალსახმობები

ამ ფანჯრის დასახურად ან ხმოვანი დახმარების გასაჩერებლად დააჭირეთ Esc-ს.

?
ამ დახმარების ფანჯრის გახსნა ან დახურვა.
g შემდეგ h
მთავარ გვერდზე გადასვლა.
g შემდეგ f
ფორმების სიაზე გადასვლა.
g შემდეგ p
პროფილზე გადასვლა (თუ არ ხართ შესული — შესვლის გვერდი).
g შემდეგ l
შესვლის გვერდი.
g შემდეგ r
რეგისტრაციის გვერდი.
r
გვერდის შესავლის გამეორება.
Shift + R
მთელი გვერდის წაკითხვა.
n / p
მომდევნო ან წინა ინტერაქტიულ ელემენტზე გადასვლა.
m
მთავარ შინაარსზე გადასვლა.
s
მიმდინარე ფორმის გაგზავნა.
+ / -
ტექსტის გადიდება ან შემცირება.
c
მაღალი კონტრასტის ჩართვა/გამორთვა.
v
ხმოვანი დახმარების ჩართვა/გამორთვა.